ბიზნეს სიახლეთა არქივი

კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დარგობრივი სექტორები: ტურიზმი

უკანასკნელ წლებში, რეგიონში აშენდა მაღალი დონის სასტუმროები ანაკლიასა და მესტიაში. ამჟამად, ანაკლიაში ფუნქციონირებს 3 თანამედროვე ტიპის სასტუმრო 250-მდე სასტუმრო ოთახით და დაწყებულია მეოთხე სასტუმროს მშენებლობა. დაბა მესტიაში ფუნქციონირებს 5 მაღალი დონის სასტუმრო 400-ზე მეტი საწოლით. სულ დაბაში დღეში 600 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. ფოთში ფუნქციონირებს 2 კომფორტული სასტუმრო. გარდა მსხვილი სასტუმროებისა, რეგიონში ფუნქციონირებს 100-მდე საოჯახო სასტუმრო. რეგიონში (ძირითადად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ასევე ფოთში, სენაკსა და წალენჯიხაში) ფუნქციონირებს მაღალი დონის რესტორნები.

სამეგრელო-ზემო სვანეთს აქვს ტურიზმის, როგორც მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორის განვითარების მაღალი პოტენციალი, რასაც განაპირობებს ისეთ ფაქტორთა ერთობლიობა, როგორიცაა კოლხეთისა და სვანეთის უძველესი კულტურა, უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, მღვიმეები და გამოქვაბულები, საჯომარდო და საპიკნიკო ადგილები, ჭარბტენიანი კოლხეთის დაბლობი და მისი იშვიათი ბუნება, რეგიონის გეოგრაფიული თავისებურება - ლანდშაფტური მოზაიკა და ბიოლოგიური მრავალფეროვნება, ზემო სვანეთის მყინვარები, შავი ზღვის აკვატორია და განვითარებადი კურორტული ზონები. ყოველივე ეს განსაკუთრებულ პირობებს ქმნის სხვადასხვა სახის ტურიზმის (საავტომობილო, საცხენოსნო, საფეხმავლო ტურიზმი, ეკოტურიზმი, საზღვაო-სანაოსნო, სამდინარო-სანაოსნო, სამონადირეო ტურიზმი, სამოყვარულო თევზჭერა, ფრინველებზე დაკვირვება, აგროტურიზმი, შემეცნებითი ტურიზმი, პილიგრიმული ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი და სხვ.) განვითარებისათვის.

ტურისტული თვალსაზრისით, უნიკალურ ობიექტს წარმოადგენს კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც სამეგრელოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და რომლის სახმელეთო ნაწილის ფართობი 28571 ჰა-ს, ხოლო ზღვის აკვატორია - 1574 ჰა-ს შეადგენს. 1996 წელს კოლხეთის ეროვნულ პარკს რამსარის კონვენციით საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და სხვა ინფრასტრუქტურა (დაცულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა განთავსებული: პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობები, მცველთა თავშესაფრები, ფრინველთა სათვალთვალო და დარგოლვის ცენტრი, საინტერპრეტაციო დაფები, საინტერპრეტაციო ჯიხურები, ნავმისადგომები, შესასვლელები, ტურისტული ბილიკები) საგანგებოდ ისე დაპროექტდა, რომ მისი მშენებლობის პროცესში გამოყენებული მასალა და ტექნოლოგიები უვნებელი ყოფილიყო გარემოსა და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მის დასათვალიერებლად მოდიან. პარკს კარგი პერსპექტივა აქვს ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მასობრივი მიგრაციის პერიოდში, აქ მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი, პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ფრინველთა სათვალთვალო კოშკები, ხოლო ტურისტთა განთავსება შესაძლებელია როგორც ეროვნულ პარკში არსებულ ვიზიტორთა სახლში, ისე ფოთის, გრიგოლეთისა და ანაკლიის სასტუმროებში. სანაპირო დიუნების და იმნათის ტორფნარის გასწვრივ შემუშავებულია ფეხით სავალი მარშრუტები, თუმცა, ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერების საუკეთესო საშუალებას კატარღები და ნავები წარმოადგენს. კოლხეთის ეროვნულ პარკში ვიზიტს უფრო საინტერესოს ხდის მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული არქეოლოგიური და კულტურის ძეგლები: ლაზიკის ძველი დედაქალაქი არქეოპოლისი (ჩვ.წ.აღ.მდე II-IX საუკუნეების წარწერებითა და ფრესკებით), მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, ხობის მონასტერი, ცაიშის ეკლესია, ხობის დედათა მონასტერი და კორცხელის მონასტერი.

ეკოტურიზმის თანმდევი სახეების - სამონადირეო, სათევზაო, საცხენოსნო და აქტიური ტურიზმის სხვა სახეების დანერგვა-განვითარების კარგ საფუძველს იძლევა ენგურის წყალსაცავი და მდინარის შუა და ზემო წელი, აგრეთვე მარტვილის მღვიმეები და ტობავარჩხილის ტბები. მდ. ენგურზე არის შესანიშნავი პირობები სპორტული ნაოსნობისა და რაფტინგის განვითარებისათვის.

1996 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილად იქნა აღიარებული ზემო სვანეთი. ზემო სვანეთი საქვეყნოდ ცნობილი ბუნებრივი სილამაზის ადგილია, მას აქვს არაჩვეულებრივი ლანდშაფტი, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სულ უფრო მეტ ტურისტსა და დამსვენებელს იზიდავს. ზემო სვანეთში, აწვალისა და თეთნულდის მთებზე დაწყებულია ზამთრის კურორტის მშენებლობა, რაც დამატებით უზრუნველყოფს რეგიონში ტურისტების მოზიდვას. 

ასევე იხილე კატეგორიაში - დარგობრივი სექტორები:
+(415) 251703
+995 599 20 24 00
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
ბიზნესი საზღვრების გარეშე. დამზადებულია IPWDS-ში GIZ ფინანსური მხარდაჭერით