ბიზნეს სიახლეთა არქივი

კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დარგობრივი სექტორები: სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და რეგიონში წარმოებულ დამატებულ ღირებულებაში მისი წილი 20%-ია. 2011 წელს რეგიონში სოფლის მეურნეობაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 300,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16,5%-ით აღემატება 2010 წლის, ხოლო 37,6%-ით 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, რეგიონის სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის სოფლის მეურნეობის წარმოებაში 14,1%-ს შეადგენს. ამ დარგში შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული. მათი უმრავლესობა თვითდასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნებიან და ისინი თავიანთ ოჯახურ მეურნეობებში საქმიანობენ. სოფლის მეურნეობა არ არის სათანადოდ მოდერნიზებული და ძირითადად, ნატურალური მეურნეობის ნიშნებს ატარებს. მეტწილად იგი ორიენტირებულია არა ბაზარსა და პროდუქციის წარმოებაზე, არამედ კომლის სასურსათო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. გამონაკლისია თხილის წარმოება, რომელიც თითქმის მთლიანად ექსპორტზეა გათვლილი. მნიშვნელოვანი დისპროპორცია შეინიშნება დასაქმებულთა რაოდენობასა და პროდუქციის მოცულობას შორის. რეგიონი მცირემიწიანია. გარდა ამისა, რელიეფისა და სხვა ფაქტორების გამო, იგი გამოირჩევა ფართობების ფრაგმენტაციით, რაც ძალზე ართულებს მეურნეობების გამსხვილებას.

სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი. სამეგრელო-ზემო სვანეთი ხასიათდება ძლიერ დანაწევრებული რელიეფით - დიდი შეფარდებითი სიმაღლეებითა და ღრმა ხეობებით (სამეგრელოს ჩრდილოეთი, ზემო სვანეთი) და გაშლილი ვაკით (რეგიონის სამხრეთი ნაწილი მდ. ენგურსა და მდ. ცხენისწყალს შორის). რეგიონის ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების გამო, მისი ნიადაგური საფარი საკმაოდ ჭრელია და სხვადასხვა ტიპის ნიადაგებით არის წარმოდგენილი.

რეგიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ფართობი შეადგენს 268 ათას ჰა-ს. სოფლის კომლების აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთრებაში 1,25 ჰა-ზე ნაკლები სავარგული აქვს.

რეგიონის მდებარეობა განაპირობებს როგორც სამელიორაციო, ისე სარწყავი სისტემების საჭიროებას. აბაშის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე მიწების ფართობი შეადგენს 14,6 ათას ჰექტარს, საიდანაც რეაბილიტაციას 14 ათასი ჰა საჭიროებს. 1,9 ჰა მიწაა სარეაბილიტაციო ხობის, ხოლო 4,5 ათასი ჰა მიწა - სენაკის მუნიციპალიტეტში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ურწყავი მიწების ფართობი 3 ათას ჰა-ს შეადგენს.

რეგიონის ერთ-ერთი პრობლემაა აუთვისებელი სავარგულები - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და მიტოვებული გაბუჩქებულ-გაუხეშებულ-დასარევლიანებული ფართობები. აუთვისებელი ფართობები სულ შეადგენს 14,8 ათას ჰა-ს - მთლიანი სავარგულების 5,5%-ს. აქედან, დეგრადირებულია 5000 ჰა-ზე მეტი გაველურებული ჩაისა და ტუნგოს ფართობები. სახელმწიფო და დეგრადირებული სავარგულების ათვისება რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში აღრიცხული არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მემცენარეობა. რეგიონის კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები იძლევა მემცენარეობის სხვადასხვა დარგის განვითარების საშუალებას. 2011 წელს მემცენარეობის სექტორში წარმოებულ იქნა 138,8 მლნ ლარის პროდუქცია, საიდანაც თხილის წარმოებაზე მოდიოდა 60,8 მლნ ლარი, ხოლო სიმინდის წარმოებაზე - 47,7 მლნ ლარი.

2011 წელს, რეგიონში ნათესი ფართობების ყველაზე დიდ წილს მარცვლეულები შეადგენდა (69%), კაკლოვანის წილი - 15%-ს, ვენახის- 4%,   სუბტროპიკული კულტურების - 4 %, ხეხილსა და პარკოსან კულტურებს - 2%, ხოლო ციტრუსის კულტურების და ჩაის კუტლურების წილი მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენდა, იგივე , რაც კარტოფილისა და ბოსტნეულის.

შემდეგი სახით იყო წარმოდგენილი რეგიონში მემცენარეობის პროდუქციის სტრუქტურა:

 

სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ათასი ტონა, 2011)

წყარო: საქსტატი.

ნათესი ფართობების მიხედვით, თხილის წარმოებამ 2011 წელს 24,4 ათასი ჰა შეადგინა. 12,3 ათასი ჰა მსხმოიარეა, რაც 2009 წელთან შედარებით, 3 ათასი ჰა-ით, ხოლო 2010 წელთან შედარებით - 500 ჰა-ით არის მომატებული. მიუხედავად მსხმოიარე ნარგაობების ფართობების ზრდის დინამიკისა, არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა პროდუქტიულობის თვალსაზრისით. 2011 წელს თხილის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობამ შეადგინა 1,3 ტ/ჰა, თხილის  წარმოება ძალზე მომგებიანია მცირე ფერმერებისათვის. ამჟამად, სამეგრელოს რეგიონში დაახლ. 700 მცირე ფერმერია, რომელიც თხილის ბიზნესით ირჩენს თავს. ფერმერების უმრავლესობას დაახლ. 1-2 ჰა-ზე აქვს პლანტაციები გაშენებული. საქართველოში თხილის პლანტაციების 85% სამეგრელოშია გაშენებული.

სიმინდის ფართობებმა 2011 წელს 55,7 ათასი ჰა დაიკავა, რაც 2009 წლის მაჩვენებელზე (60,8 ათასი ჰა) ნაკლებია. მოსავლიანობის თვალსაზრისით, არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. 2011 წლის მონაცემებით, საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 1,9 ტ/ჰა-ს შეადგენდა,

ციტრუსის ნარგაობები 2009 წელთან შედარებით 2011 წელს თითქმის ორნახევარჯერაა შემცირებული. რადგან ციტრუსი მრავალწლიანი ნარგაობაა, ეს მოვლენა ბაღების ამორტიზებით, დაბერებითა და მოუვლელობით შეიძლება აიხსნას. რეგიონის მასშტაბით, პროდუქტიულობა საშუალოდ 1,8-3,4 ტ/ჰა-მდე ვარირებს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, ხოლო მისი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზრდას მოითხოვს

სუბტროპიკული კულტურების (ხურმა, კარალოკი, ფეიხოა, კივი, მუშმალა) ნათესებმა 2011 წელს 3,1 ათასი ჰა, ხოლო 2010 და 2009 წლებში შესაბამისად 3,5 და 2,5 ათასი ჰა დაიკავა. საშუალო მოსავლიანობა, 2009 წელთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა და მან 2011 წელს 15,2 ტ/ჰა შეადგინა.

ჩაის ფართობებმა 2011 წელს 400 ჰა ფართობი დაიკავა, რაც 2010 წელთან შედარებით, 100 ჰა-ით ნაკლებია. საშუალო მოსავლიანობამ 2011 წელს 4 ტ/ჰა შეადგინა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 1 ტ/ჰა-ით მეტია.

არადამაკმაყოფილებელია ბოსტნეული კულტურების საშუალო მოსავლიანობაც, რომელმაც 9-10 ტ/ჰა შეადგინა. მოწინავე ტექნოლოგიებით, ბოსტნეულის პროდუქტიულობის გაზრდა რამდენჯერმე არის შესაძლებელი.

რეგიონში მემცენარეობის პროდუქტიულობა ძალზე დაბალია, რასაც განაპირობებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაბალი ინფორმირებულობა, შრომის დაბალი ორგანიზებულობა, მოძველებული და ამორტიზებული გენეტიკური მასალა, ფინანსების არასათანადო ხელმისაწვდომობა, ექსტენციისა და მომსახურების ცენტრების სიმცირე, სავარგულების დეგრადაცია და ამორტიზება, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, მიმღები და გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე და სხვ. რეგიონში შესაძლებელია ფეიხოას, ხურმის, ხეხილის და ვენახის მოსავლიანობის გაორმაგება, ხოლო ბოსტნეული კულტურებისა და კარტოფილის მოსავლიანობის რამდენჯერმე გაზრდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული თერმული წყლები ქმნის ხელსაყრელ პირობებს სასათბურე და სანერგე მეურნეობების განვითარებისათვის. ზუგდიდის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სასათბურე მეურნეობები წარმატებით იყენებენ თერმულ წყლებს, რაც პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. აღნიშნულ მეურნეობებში ძირითადად იწარმოება კიტრი და პომიდორი. თუმცა, რეგიონის სხვა სასათბურე მეურნეობებში ხორციელდება მწვანილისა და ყვავილების წარმოებაც. ამჟამად, რეგიონში არსებობს 250 სასათბურე მეურნეობა, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 23 ჰექტარს, ხოლო წარმადობა - 500 ტონამდეა. რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი, თერმული წყლების ეფექტიანად გამოყენების ხარჯზე, არა მარტო გაზარდოს წარმოება, არამედ მთლიანად ჩაანაცვლოს შესაბამისი იმპორტირებული პროდუქცია, როგორც რეგიონში, ისე ქვეყანის მასშტაბით. რეგიონში, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, ორგანიზებულია 12 სანერგე მეურნეობა, რომელთა საერთო ფართობი 44,8 ჰა-ს შეადგენს. მეურნეობებში იწარმოება ისეთი კულტურების ნერგები, როგორიცაა ხილი, ციტრუსი, პალმა, მოცვი, ბოსტნეული და ეთერზეთების შემცველი კულტურები.

მეცხოველეობა. 2011 წელს რეგიონში მეცხოველეობის პროდუქციის ღირებულებამ 180,1 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისა და რძის პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 123,5 მლნ ლარი, ხოლო მეფრინველეობაში წარმოებული პროდუქციის ღირებულებამ - 29,2 მლნ ლარი.

2011 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში აღირიცხებოდა 197,4 ათასი სული მსხვილფეხა საქონელი (წარმოებული პროდუქცია შეადგენს 6,1 ათას ტონა ხორცს და 93,2 ათას ტონა რძეს), 30,4 ათასი სული ღორი (2011 წელს ღორის ხორცის წარმოებამ დაკლულ წონაში 2,2 ათასი ტონა შეადგინა), 1016,2 ათასი ფრთა ფრინველი (წარმოებული პროდუქცია შეადგენს 31 მლნ კვერცხს), 13,3 ათასი სული თხა (წარმოებული პროდუქცია აღრიცხული არ არის) და 109,1 ათასი სკა ფუტკარი (წარმოებული თაფლის მოცულობა 1,1 ათას ტონას შეადგენს).

2011 წელს მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა 5,2 ათასი ერთეულით, ხორცის წარმოება 1,6 ათასი ტონით, ხოლო რძის წარმოება 7,3 ათასი ტონით გაიზარდა 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით (აღსანიშნავია, რომ რეგიონში პირუტყვის სულადობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს (204,2 ათასი სული) 2008 წელს მიაღწია). ანალოგიურად, 2011 წელს 200 ტონით გაიზარდა ღორის ხორცის წარმოება. ამავდროულად, 67,2 ათასი ფრთით შემცირდა ფრინველის სულადობა, ხოლო 10,8 მლნ ცალით - კვერცხის წარმოება. 2011 წელს 8,4 ათასი ერთეულით გაიზარდა ფუტკრის ოჯახების რაოდენობა.

პროდუქტიულობის თვალსაზრისით, მეცხოველეობაში არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, რასაც, ძირითადად, გენეტიკური მოძველება, არასათანადო ვეტერინალური მომსახურება, ტექნოლოგიებზე დაბალი ინფორმირებულობა და საკვები ბაზის რაოდენობრივი და ხარისხობრივი სიმწირე განაპირობებს (2010 წელს, კერძო კომპანიამ ჰოლანდიური საექსპორტო კომპანიისგან შეიძინა 64 სული ჰოლშტეინო-ფრიზის ჯიშის ძროხა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშს განეკუთვნება და რომლის საშუალო წველადობა ექვსჯერ აღემატება ქართული ჯიშის ძროხების საშუალო წველადობას). უნდა აღინიშნოს, რომ მეცხოველეობით დაკავებული ფერმერებისთვის იონჯის თივის წარმოება საუკეთესო საშუალებაა პირუტყვის გამოსაკვებად.

თევზჭერა. რეგიონში დიდი რესურსი არსებობს თევზჭერის განვითარებისათვის, შავი ზღვის და უხვად არსებული მდინარეების და ტბების რესურსების ეფექტურად გამოყენებით, ეს დარგი შეიძლება გახდეს რეგიონის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის ხელშემწყობი ფაქტორი. ამასთან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქ ფოთში არსებობს თევზის გადამუშავების მოდერნიზებული ქარხნები, რომელთაც შეუძლიათ აწარმოონ თევზისაგან სხვადასხვა სახის პროდუქტები.

აგროწარმოება და ლოჯისტიკა. რეგიონში, ძირითადად, ფუნქციონირებს თხილის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებზეც სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის გადამუშავების 80% მოდის. თხილის პროდუქცია გადის ევროპისა და აზიის ქვეყნებში. რეგიონში მცირე მასშტაბით ხორციელდება ჩაისა და ყურძნის გადამუშავება, რომლის პროდუქციის რეალიზება ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ზუგდიდში მოქმედებს 8 თხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც წელიწადში 40 ათას ტონა თხილს გადაამუშავებს. წალენჯიხაში მოქმედებს 5 საწარმო, რომლებიც, ძირითადად, თხილისა და ჩაის გადამუშავებით არის დაკავებული და საერთო ჯამში, 727 ტონა პროდუქციას აწარმოებს. მარტვილში ჩაის წარმოებითაა დაკავებული ერთი საწარმო, რომელიც 50 ტონა ჩაის აწარმოებს.

რეგიონში მოქმედებს 10 სამაცივრე და 9 დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობა: ქ. ფოთში 8 სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობა და 8 დახურული საწყობი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ერთი სამაცივრე მეურნეობა, სენაკის მუნიციპალიტეტში - ერთი სამაცივრე მეურნეობა და ერთი დახურული საწყობი.      

 

ახალი ტექნოლოგიები, მასტიმულირებელი სისტემები და მექანიზმები. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო სერვისცენტრი გარკვეულ დონეზე უზრუნველყოფს ინოვაციების დანერგვას. ამჟამად, ზუგდიდში არსებულ სერვისცენტრში განთავსებულია 64 დიდი და მცირე ტრაქტორი და 13 სატვირთო ავტომანქანა, ხობში - 4 კომბაინი და 50 მცირე და დიდი ტრაქტორი, სენაკში - 119 მცირე და დიდი ტრაქტორი და 1 კომბაინი, მესტიაში - 9 ტრაქტორი, მარტვილში - 48 ტრაქტორი, ჩხოროწყუში - 52 ტრაქტორი, წალენჯიხაში - 41 ტრაქტორი, ხოლო აბაშაში - 77 დიდი და მცირე სიმძლავრის ტრაქტორი. არსებული მანქანა-სატრაქტორო პარკი ვერ აკმაყოფილებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოთხოვნებს და რამდენჯერმე გაზრდას საჭიროებს. რეგიონი მცირეგაბარიტიანი ტექნიკის დეფიციტს განიცდის. გარდა ამისა, აქტუალურია ტექნიკის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემაც. მოსახლეობა ხშირად ვერ ახერხებს მაღალხარისხიანი მასალების შეძენას, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს პროდუქციის მოსავლიანობაზე.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში ფუნქციონირებს სხვადასხვა არასამთავრობო, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაცია, რომლებიც სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებენ.

სურსათის უვნებლობა. მცენარეთა დაცვის სფეროში რეგიონში ხორციელდება საკარანტინო ღონისძიებები სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ფინანსდება განსაკუთრებით საშიში საკარანტინო მავნებლის, ამერიკული თეთრი პეპელას წინაღმდეგ ბიოლოგიური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები. პერიოდულად წარმოებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარული მონიტორინგი, დიაგნოსტიკა, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება. ხორციელდება კარანტინს დაქვემდებარებული საექსპორტო პროდუქციის ფიტოსანიტარული საკარანტინო შემოწმება და ფიტოსანიტარული სერთიფიკატის გაცემა. ვეტერინარიის დარგში მიმდინარეობს ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებები. მიმდინარეობს თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები, ხორციელდება კერძო ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა და სერთიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმდინარე მონიტორინგის პროგრამით, ხორციელდება სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების შესყიდვა და კვლევა. სურსათის უვნებლობის მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს რეგიონში არსებული საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას.

ასევე იხილე კატეგორიაში - დარგობრივი სექტორები:
+(415) 251703
+995 599 20 24 00
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
ბიზნესი საზღვრების გარეშე. დამზადებულია IPWDS-ში GIZ ფინანსური მხარდაჭერით