ბიზნეს სიახლეთა არქივი

კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დარგობრივი სექტორები: ბიზნეს სექტორი

ბიზნესის რეგისტრის ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში აღირიცხება 41,7 ათასი სუბიექტი, რაც ქვეყანაში რეგისტრირებულ სუბიექტთა მთლიანი რაოდენობის 10,5 პროცენტს შეადგენს, ხოლო რეგიონებს შორის რეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობით მხოლოდ თბილისსა და იმერეთს ჩამორჩება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მცირე და საშუალო საწარმოებია. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ინდივიდუალური მეწარმეები - 33,6 ათასი. შემდეგ მოდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები - 5,1 ათასი, კოოპერატივი - 828, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - 356, სააქციო საზოგადოება - 255, არაკომერციული იურიდიული პირები - 1173.

2011 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიზნესსექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ შეადგინა 366,3 მლნ ლარი, რაც 2.2-ჯერ აღემატება 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2010 წლიდან, რამაც 2011 წლის მდგომარეობით შეადგინა - 162,1 მლნ ლარი. ამავე წელს,  თითქმის 3-ჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა 2006 წელთან შედარებით და მან შეადგინა 1 332 მლნ ლარი. ანალოგიურ პერიოდში  გამოშვებული პროდუქციის ღირებულება გაიზარდა დაახლ. 2.4-ჯერ, და შესაბამისმა მაჩვენებელმა 2011 წელს შეადგინა - 836,2 მლნ ლარი.

რეგიონში ბიზნესსექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს:  მისი სტრატეგიული მდებარეობა და განსაკუთრებული სატრანზიტო ფუნქცია  -  მის ტერიტორიაზე ერთის მხრივ, ევროპისა და აზიის ქვეყნების, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონების დამაკავშირებელი ფოთის პორტის არსებობა. უკანასკნელ წლებში, რეგიონში მნიშვნელოვნად განვითარდა საბანკო სექტორი. ყველა თვითმმართველ ერთეულში ფუნქციონირებს კომერციული ბანკების ფილიალები და მომსახურების ცენტრები. გაიზარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობაც. რეგიონში ფუნქციონირებს რამდენიმე აუდიტორული ფირმა,  ხოლო ზუგდიდსა და ფოთში ფუნქციონირებს ქვეყანაში მოქმედი თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიის ფილიალი.

რეგიონის ბიზნესსექტორის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება იქნეს განხილული  2010 წელს შექმნილი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) არსებობა. თიზ-ის ტერიტორია დაახლ. 300 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც დაახლ. 250 ჰექტარი ეთმობა ტერიტორიის გაქირავებას, ხოლო დანარჩენი ფართობი - ინფრასტრუქტურის განვითარებას. ტერიტორიის 80% ეთმობა მრეწველობას, 10% სასაწყობე მეურნეობებს, ხოლო 10% - საკონტეინერო ტერმინალებს. თიზ-ის შექმნის შემდეგ ფოთის პორტსა და თიზ-შიჩადებული ინვესტიციების საერთო მოცულობა 200 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ინვესტიციები ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და წარმოშობს ადგილობრივი სამიმწოდებლო ბაზრის განვითარებისა და შემოსულ ინვესტორებთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირების დამყარების შესაძლებლობას. 2013 წლის ბოლომდე, გათვალისწინებულია თიზ-ის საპროექტო ზონაში მდებარე სამრეწველო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ძირითადი და დამხმარე გზების ქსელით უზრუნველყოფა, ქუჩების განათება, წყლის მიწოდება, ელექტროენერგიით მომარაგება, ხანძარსაწინააღმდეგო, საკანალიზაციო, სანიაღვრე და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა, აგრეთვე მწვანე ზოლის საირიგაციო ქსელით უზრუნველყოფა. სწორი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოლიტიკის, აგრეთვე ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების პირობებში, მოსალოდნელია თიზ-ში სოლიდური ინვესტიციების შემოსვლა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგია, სამშენებლო მასალების წარმოება, საინჟინრო, ფოლადის, მსუბუქი მრეწველობა და სხვ. რეგიონში ბიზნესის განვითარებისა და ტვირთბრუნვის ზრდის მხრივ, დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ანაკლიაში მაღალი გამტარუნარიანობის პორტის საკითხის შემდგომი შესწავლა და საბოლოო გადაწყვეტა. 

უკანასკნელი წლების მანძილზე, შეიმჩნევა დადებითი ტენდენციები გადამამუშავებელი და ექსპორტზე ორიენტირებული ცალკეული წარმოებების (მაგ. თხილის წარმოება და გადამუშავება ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად და განუხრელად იზრდება) განვითარების კუთხით. განვითარების ტენდენციები შეიმჩნევა მომსახურების სფეროშიც, შედარებით მოწესრიგდა სავაჭრო ობიექტები და სხვ. 

ასევე იხილე კატეგორიაში - დარგობრივი სექტორები:
+(415) 251703
+995 599 20 24 00
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
ბიზნესი საზღვრების გარეშე. დამზადებულია IPWDS-ში GIZ ფინანსური მხარდაჭერით