ბიზნეს სიახლეთა არქივი

კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რეგიონის პროფილი: რეგიონის სოციალური განვითარება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 211 ათასს, თვითდასაქმებულთა რაოდენობა 128 ათასს, უმუშევრობის დონე 16,5%-ს, აქტიურობის დონე 70,7%-ს, ხოლო დასაქმების დონე 59%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტთა შეფასებით, ოფიციალური მონაცემები რეგიონში დასაქმების რეალურ დონეს არ ასახავს, რაც სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულების დასაქმებულებად მიჩნევით არის განპირობებული. თვითდასაქმებულთა უდიდესი ნაწილი, მათი შრომითი საქმიანობის საშუალო წლიური ხანგრძლივობისა და დაბალი შემოსავლების გათვალისწინებით, ვერ მიეკუთვნება სრულფასოვან დასაქმებულთა კატეგორიას.

2011 წელს რეგიონში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 25,2 ათასი ადამიანი (რეგიონის მოსახლეობის 5,26%), ხოლო დაქირავებულთა შრომის საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 436,4 ლარი შეადგინა.

2011 წელს რეგიონში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 25,2 ათასი ადამიანი (რეგიონის მოსახლეობის 5,26%) შეადგინა, რაც 26,92%-ით აღემატებოდა 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან, 9736 ადამიანი მსხვილ, 7441 ადამიანი საშუალო, ხოლო 8062 ადამიანი მცირე საწარმოში იყო დასაქმებული.

დაქირავებულთა შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება 2011 წელს 436,4 ლარს შეადგენდა (ადგილობრივ კერძო ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან - 358,5 ლარი, უცხოელ/უცხოურ კერძო ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან - 1025,7 ლარი, საჯარო სექტორში - 207,1 ლარი), რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7,3 ლარით აღემატება. ამასთან, შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება მსხვილ საწარმოებში 701,6 ლარს, საშუალო საწარმოებში 299 ლარს, ხოლო მცირე საწარმოებში 216,7 ლარს შეადგენდა. საშუალო თვიური ანაზღაურების ოდენობით, სამეგრელო-ზემო სვანეთი საქართველოს რეგიონებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს.

რეგიონში შინამეურნეობის ყოველთვიური საშუალო ფულადი და არაფულადი შემოსავლები 2011 წელს 639,1 ლარს, ხოლო ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები - 488,8 ლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლებით, სამეგრელო-ზემო სვანეთი საქართველოს რეგიონებს შორის მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ აჭარასა და ქვემო ქართლს ჩამორჩება. შინამეურნეობების შემოსავლები მათი სახეების მიხედვით შემდეგნაირად არის განაწილებული:

შინამეურნეობების შემოსავლების სტრუქტურა (2011)

წყარო: საქსტატი.

შინამეურნეობების ხარჯები მათი სახეების მიხედვით შემდეგი სახით არის განაწილებული:

 

დიაგრამა 2: შინამეურნეობების ხარჯების სტრუქტურა (2011)

წყარო: საქსტატი.

რეგიონში ძალზე მაღალია სიღარიბისა და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები. 2012 წელს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 57,5 ათასი ოჯახი (რეგიონის მოსახლეობის ), რომელთაგან შემწეობას იღებდა 14,5 ათასი ოჯახი. ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი უახლოვდება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ირიცხება საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღები 94,6 ათასი პირი, რაც მოსახლეობის 19,7%-ს შეადგენს და მცირედით აღემატება ქვეყნის საშუალო პროცენტულ მაჩვენებელს (19,05%).

რეგიონში აღრიცხულია 12,4 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელთაგან დაახლოებით ერთი მესამედი საარსებო შემწეობას იღებს. რეგიონის თვითმმართველ ერთეულებში სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებისათვის ერთჯერადი დახმარების სახით თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან შეიძლება გაიცეს 500 ლარამდე თანხა (ადგილობრივი საბიუჯეტო სიმცირის გამო). აღნიშნულ პირებზე მიმართული სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები თითქმის არ ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში არ არის უზრუნველყოფილი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამშენებლო სტანდარტების დაცვა, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სათანადო ინტეგრირებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ირიცხება 89,5 ათასი  იძულებით გადაადგილებული პირი (28,8 ათასი ოჯახი), რაც რეგიონის მოსახლეობის 18,7%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, სამეგრელო-ზემო სვანეთს საქართველოს რეგიონებს შორის პირველი ადგილი უკავია. რეგიონში იძულებით გადაადგილებული პირები ჩასახლებული არიან როგორც ინდივიდუალურად, ისე კომპაქტურად (23,5%). მათი უმრავლესობისთვის კვლავაც გადაუჭრელია სათანადო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. 

ჯანმრთელობის დაცვა

სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედებს 25 საავადმყოფო 764 საწოლით, სადაც სამედიცინო მომსახურებას დაახლ. 14,3 ათასი პაციენტი იღებს. ჯანდაცვის ობიექტები ფინანსდება სადაზღვევო კომპანიებიდან და პაციენტების შენატანებიდან. უკანასკნელ წლებში, ყველა მუნიციპალურ ცენტრში და ქ. ფოთში კერძო კომპანიებმა განახორციელეს საავადმყოფოების რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად (ზუგდიდი - 160 საწოლი, ფოთი - 75 საწოლი, მესტია - 25 საწოლი, სხვა მუნიციპალიტეტები - 15-15 საწოლი). რეგიონში ფუნქციონირებს შშმ ბავშვთა სახლი - სენაკის ფსიქო-ნევროლოგიური პანსიონატი, რომელშიც 34 ბენეფიციარი ირიცხება.

რეგიონში მოქმედებს 9 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება, მასში შემავალი 120 ამბულატორიით, 5 პოლიკლინიკით, 2 დამოუკიდებელი ამბულატორიით და 7 მაღალმთიანი სამედიცინო პუნქტით. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების (პროფილაქტიკის ჩათვლით) რიცხვმა 2011 წელს 384,5 ათასი შეადგინა.

რეგიონში ექიმების რაოდენობა 1,1 ათასს, ხოლო საშუალო სამედიცინო პერსონალის რიცხოვნობა 1,3 ათასს შეადგენს.

რეგიონის ყველა თვითმმართველ ერთეულს ემსახურება სასწრაფო სამედიცინო დახმარების 260 ბრიგადა. ბრიგადების ავტოპარკები მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.

მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში დაცულია პირველადი ჯანდაცვის გეგმით განსაზღვრული შეფარდება - 1:2000 (ერთი სოფლის ექიმი და ერთი სოფლის ექთანი ემსახურება 2000-ზე ნაკლებ მოსახლეს), სოფლის ექიმთან მიმართვები ერთ სულ სოფლის მოსახლეზე გაანგარიშებით, სხვა რეგიონების მსგავსად, მაინც დაბალია და სამეგრელო ზემო-სვანეთში ეს მაჩვენებელი 0,6-ს შეადგენს. აღნიშნულს განაპირობებს სუსტი კავშირი პირველადი ჯანდაცვის ობიექტებსა და ჰოსპიტალურ სექტორს შორის, რის გამოც პაციენტი ამჯობინებს უშუალოდ ჰოსპიტალს მიმართოს.

კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა რეგიონში ძალზე მცირეა. ამ მომსახურებით, როგორც წესი, სარგებლობენ ქალაქის ტიპის დასახლებებში, უმეტესად - ზუგდიდში, სადაც მეტია დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. რეგიონში აქტუალურია სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომის პრობლემა. გაფართოებული სადაზღვევო პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის დაზღვევას საბაზისო სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტით, თუმცა, პრობლემის სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.

განათლება

რეგიონში ფუნქციონირებს 260 საჯარო სკოლა, რომლებშიც სულ 45,5 მოსწავლე სწავლობს. რეგიონში არსებული სკოლების უმრავლესობა საფუძვლიან რეაბილიტაციას საჭიროებს. უკანასკნელ წლებში, რეგიონში განხორციელდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოპტიმიზაცია (გაუქმდა 15 საჯარო სკოლა). რეგიონში არ აღინიშნება მოსწავლეთათვის სკოლების არასათანადო ხელმისაწვდომობის პრობლემა.

რეგიონის ტერიტორიაზე მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მოქმედებს 225 სახელმწიფო და 23 კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც 8.9 აღსაზრდელი (აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის 31,6%) ირიცხება. დაწესებულებების უმრავლესობა საფუძვლიან რეაბილიტაციას და სათანადო ინვენტარით აღჭურვას საჭიროებს.

პროფესიული სასწავლებლები ფუნქციონირებს ფოთში, ხობში, ზედა ეწერში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და მესტიაში. ოთხივე სასწავლებელი მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. სასწავლებლების მიერ მომზადებული კადრები ძირითადად ვერ აკმაყოფილებენ შრომის ბაზრის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.

რეგიონში მოქმედებს ერთი საჯარო და ერთი კერძო უნივერსიტეტი. ორივე უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო პროგრამები და პროცესებიშემდგომ განვითარებას საჭიროებს. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შექმნილია ჰუმანიტარული, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის და ჯანდაცვის ფაკულტეტები. უნივერსიტეტში სტუდენტები ეუფლებიან ზოოტექნიკოსის, ვეტმომსახურების სპეციალისტის, მებოსტნისა და მემცენარის პროფესიას. ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ისწავლება ისეთი პროფესიები, როგორიცაა - ფარმაცევტის თანაშემწე, გუნდის ლოტბარი, კრიმინალისტი, ბუღალტერი. გარდა ამისა, ისწავლება ბიზნესის ადმინისტრირება, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, ფარმაცია, მცირე ბიზნესის მენეჯმენტი, ფარმაცევტული ანალიზი და ქართული ლიტერატურის ისტორია. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა სამეგრელო-ზემო სვანეთის 1715 მცხოვრები (რეგიონის მოსახლეობის 0,36%) - 1008 ქალი და 707 კაცი.

კულტურა და სპორტი

რეგიონში ფუნქციონირებს 27 მუზეუმი, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია - ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლე და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, აბაშაში მდებარე კ. გამსახურდიას მუზეუმი, მესტიაში მდებარე სვანეთის მუზეუმი, უშგულში მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმი და მ. ხერგიანის სახლ-მუზეუმი. მუზეუმების დამთვალიერებლების რიცხვი 2011 წელს 56,9 ათას ადამიანს შეადგენდა.

რეგიონში ფუნქციონირებს 121 ბიბლიოთეკა, საიდანაც 112 ბიბლიოთეკა მოქმედებს სოფლებში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ფუნქციონირებს რამდენიმე თეატრი. თეატრებში 2011 წელს სულ 151 სპექტაკლი ჩატარდა, ხოლო მაყურებელთა რაოდენობამ 13,2 ათასი შეადგინა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 2 (ერთი სახელმწიფო, ერთი სახალხო) თეატრი. ფოთში მოქმედებს ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი, სენაკში - ა. ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი (თეატრის შენობას 2008 წელს კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა), ხობში - ხობის სახალხო თეატრი. თითო თეატრი ფუნქციონირებს წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხისა და ჩხოროწყუს თეატრები არ არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

რეგიონში ფუნქციონირებს 10 კულტურის სახლი და 11 სამუსიკო სკოლა, აგრეთვე სასოფლო კლუბები და ხელოვნების სკოლები. აღნიშნული ობიექტების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.

რეგიონში მოქმედებს 9 სპორტული კომპლექსი და 6 სასპორტო სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს ფეხბურთის, მძლეოსნობის, ჭიდაობის, ჭადრაკის, კალათბურთის, აღმოსავლური ორთაბრძოლების, ძიუდოს, ცხენოსნობის, ჩოგბურთის, ბალახის ჰოკეის, რაგბის სექციები. გარდა ამისა, რეგიონში მოქმედებს 5 საჭადრაკო სკოლა და 2 საჭადრაკო სექცია. ქ. აბაშაში ჩამოყალიბებულია ცხენოსან სპორტსმენთა კლუბი, რომელმაც საქართველოს 2008 წ. გუნდურ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩამოყალიბებულია რეგიონული სპორტული ფედერაციები.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობენ რეგიონის კლუბები - ზუგდიდის „ზუგდიდი“, მარტვილის „მერანი“ და ფოთის „კოლხეთი“, ხოლო პირველ ლიგაში - წალენჯიხის „სქური“ და ხობის „კოლხეთი“. ფეხბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში, მხარეში მოეწყო 73 მარტივი ტიპის სტანდარტული, 43 მინიფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი და 16 კომპლექსური მოედანი. გარდა ამისა, განმუხურში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი. 

სამოქალაქო სექტორი და მედია

რეგიონში არასამთავრობო სექტორის განვითარების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ამჟამად, რეგიონში მოქმედებს 20-მდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მეტ-ნაკლებად რეგულარულად ახორციელებენ პროექტებს და მონაწილეობენ რეგიონულ საკოორდინაციო შეხვედრებში, რომლებიც რეგულარულად იმართება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის, პრობლემებზე მსჯელობისა და მათ გადასაჭრელად თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით. აღნიშნული ორგანიზაციების უმეტესობა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. დონორთა აქტიური მხარდაჭერა განპირობებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის კონფლიქტისპირა მდებარეობით და რეგიონში დევნილთა დიდი კონცენტრაციით. დღემდე, მდგრადობას მხოლოდ ზუგდიდში მოქმედმა რამდენიმე ორგანიზაციამ მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების გადანაწილება სექტორებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით არათანაბარია. კერძოდ, ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი მოქმედებს ზუგდიდში. მართალია, მათი საქმიანობა ვრცელდება რეგიონის სხვა არეალშიც, მაგრამ ამგვარი ინტერვენციები ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი და ფრაგმენტული ხასიათისაა. ორგანიზაციების ძირითადი საქმიანობაა დევნილთა უფლებების დაცვა, გენდერი და განათლების საკითხები. სამი ორგანიზაცია მუშაობს შშმ პირთა უფლებებზე, ხოლო ორი  ორგანიზაცია -  ჯანდაცვის სექტორში. არც ერთი ორგანიზაცია არ მუშაობს გარემოს დაცვის საკითხებზე. სამოქალაქო ორგანიზაციები პასიურად არიან ჩართული ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების, მ.შ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში საკმაოდ კარგად არის განვითარებული ადგილობრივი მედია. რეგიონში მაუწყებლობს რამდენიმე ადგილობრივი ტელევიზია: ზუგდიდში - ტელერადიოკომპანია „ოდიში“ (ფარავს ზუგდიდს, ხობს, სენაკისა და წალენჯიხის ნაწილს), სენაკში - ტელეკომპანიები „ეგრისი“ და „ატლანტიდა“ (ფარავს სენაკს, ხობს და აბაშას), წალენჯიხაში - ტელეკომპანია „ჯიხა“, ჩხოროწყუში - ტელეკომპანია „კოლხეთი 89“, ხოლო ფოთში - ტელეკომპანია „მეცხრე ტალღა“ (ფარავს ქ. ფოთს, ხობის, აბაშისა და სენაკის ნაწილს). რეგიონში გამოდის მუნიციპალური და კერძო ჟურნალ-გაზეთები.

გენდერული მაჩვენებლები

რეგიონის 9 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოების 194 წევრს შორის მხოლოდ 21 ქალი წევრია (აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი ქალი წევრი ჰყავს ზუგდიდის საკრებულოს). მუნიციპალიტეტების ორგანოებში დასაქმებულია 681 თანამშრომელი, აქედან 237 ქალი, რომელთა შორის მხოლოდ 22 მუშაობს ხელმძღვანელ თანამდებობებზე. შესაბამისად, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ქალთა როლი უმნიშვნელოა.

ბიზნესსექტორში დასაქმებული კაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს ქალების რაოდენობას. 2009 წლის მონაცემებით, აღნიშნულ სექტორში დასაქმებული იყო 8853 ქალი და 16385 კაცი. მნიშვნელოვანი სხვაობა აღინიშნებოდა ქალებისა და მამაკაცების შრომის საშუალო თვიურ ანაზღაურებებს შორისაც. კერძოდ, 2009 წელს ქალის საშუალოთვიური ანაზღაურება 246,9 ლარს, ხოლო კაცის - 539,8 ლარს შეადგენდა. 

+(415) 251703
+995 599 20 24 00
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
ბიზნესი საზღვრების გარეშე. დამზადებულია IPWDS-ში GIZ ფინანსური მხარდაჭერით