ბიზნეს სიახლეთა არქივი

კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რეგიონის პროფილი: ინფორმაცია რეგიონის შესახებ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ძირითადად, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. რეგიონს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით - იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონები, ხოლო სამხრეთით - გურიის რეგიონი. სამეგრელო-ზემო სვანეთის ფართობია 7,5 ათასი კვ.კმ., ქვეყნის ტერიტორიის 10,8%. რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა 478,2 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის 10,66%-ს შეადგენს. მხარეში შედის 497 დასახლებული პუნქტი - 8 ქალაქი, 2 დაბა და 487 სოფელი. მხარის მოსახლეობის 40,3% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 59,7% - სოფლებში. რეგიონში მაღალმთიან დასახლებებს (1000 მ-ზე ზევით) მიეკუთვნება მესტიის მუნიციპალიტეტის 136 და მარტვილის მუნიციპალიტეტის 1 სოფელი. მოსახლეობის 98,6% ეთნიკურად ქართველია. მოსახლეობის სიმჭიდროვე მხარის ტერიტორიაზე შეადგენს 64 ადამიანს კვ.კმ-ზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედებს 9 თვითმმართველი ერთეული: თვითმმართველი ქალაქი ფოთი და აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები. სამხარეო დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, რომლის ადმინისტრაცია ქ. ზუგდიდშია განთავსებული. ქ. ზუგდიდი დედაქალაქიდან 325 კმ-ით არის დაშორებული.

რეგიონის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ხასიათდება სუბტროპიკული კლიმატით, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი - სუბალპური და ალპური კლიმატით. რეგიონი მოიცავს კოლხეთის დაბლობს, რომელიც ხასიათდება ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული ჰავით და განიცდის შავი ზღვის ძლიერ გავლენას.

რეგიონში აღინიშნება რთული სოციალური მდგომარეობა დემოგრაფიული პრობლემები. უარყოფითია როგორც მოსახლეობის მიგრაციის, ისე ბუნებრივი მატების დინამიკა.

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოში. არსებული ოფიციალური მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა 478,2 ათას ადამიანს შეადგენს. რეგიონის მოსახლეობის 37,2% ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

2012 წელს რეგიონში მოსახლეობის ბუნებრივი მატების უარყოფითი ბალანსი (-364 ადამიანი, -0,76) აღინიშნა. რეგიონის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს შიდა და გარე მიგრაციაც. მიგრაციული პროცესები, ძირითადად, გამოწვეულია რთული სოციალური მდგომარეობით და დასაქმების მცირე პერსპექტივით. შრომისუნარიანი მოსახლეობა სამუშაოს საძიებლად, ძირითადად, თბილისში და საზღვარგარეთ მიემგზავრება.

 

+(415) 251703
+995 599 20 24 00
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
ბიზნესი საზღვრების გარეშე. დამზადებულია IPWDS-ში GIZ ფინანსური მხარდაჭერით